9 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მიერ გადმოცემული ტრაქტორები მიწის სეზონური სამუშაოებისთვის ბენეფიციარებს პირადად გადასცა და სიმბოლურად ახალი ტექნიკით მიწის გარკვეული ნაწილი დაამუშავა.
„ორი წლის წინ ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მხრიდან მარნეულს ტრაქტორები გადმოეცა, თუმცა ამ დრომდე ტექნიკით მოსახლეობას არ უსარგებლია. 2018 წლიდან კი ჩემი და ჩემი გუნდის ინიციატივით შემუშავდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამა, რომლის მიზანია მოქალაქეთა ხელშეწყობა. პროგრამა მოსახლეობისათვის ფინანსურად შეღავთის მომტანი იქნება, რადგან მერია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, სრულად ფარავს ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსახლეობას შეეძლება დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მიწის სეზონური სამუშაოები.“–განაცხადა თემურ აბაზოვმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელი ლერი მუმლაძე და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ ტრაქტორების გადმოცემა 2016 წლის 4 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-ს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდა, რომლის შემდგომაც მარნეულის მუნიციპალიტეტს უვადოდ სარგებლობაში 5 ერთეული ტრაქტორი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ დროებით სარგებლობაში გადმოსცა.
მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორი) უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ.
პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.
პროგრამა სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკის საექსპლუატაციო თანხებს (საწვავი, საპოხი მასალები, მექანიზატორის ანაზღაურება და ა.შ ). პროგრამის განხორციელება, მერის დავალებით დაეკისრა ა(ა)იპ „სუფთა მარნეულს“.