მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

გეოგრაფიული მდებარეობა
მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; ჩრდილო-აღმოსავლეთით _ გარდაბნის მუნიციპალიტეტი; დასავლეთით - ბოლნისის მუნიციპალიტეტი. მარნეულის მუნიციპალიტეტს სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის; ხოლო აღმოსავლეთის საზღვარი - საქართველო_აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების თანხვედრილია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სამხრეთი ოროგრაფიული საზღვარი გადის სომხითის ქედზე და მის აღმოსავლეთი გაგრძელების-ბაბაკარის სერის თხემურ ზოლზე. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი იაღლუჯას მაღლობს უჭირავს, რომელსაც ჩრდილოეთით კუმის-ასურეთის დახრილი დენუდაციური ვაკეები ესაზღვრება. დასავლეთით მარნეულის ვაკე ქვემო ქართლის ვულკანური პლატოს უკიდურეს აღმოსავლეთ დაბალ გორაკ-ბორცვიან ზოლში გადადის, ხოლო აღმოსავლეთით მდ. მტკვრის ჭალამდე ვრცელდება.
 მუნიციპალიტეტის ფართობი 935,2  კვ. კმ-ს შეადგენს და ზღვის დონიდან საშუალოდ 420 მ სიმაღლეზეა. მუნიციპალიტეტში შედის ერთი ქალაქი და 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც 83 სოფელია გაერთიანებული.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: ქ. მარნეული, წერეთელი, შაუმიანი, შულავერი, ყიზილაჯლო, ყულარი, დამია-გეურარხი, ახკერპი, წერაქვი, ალგეთი, კაჩაღანი, ქუთლიარი, თამარისი, ხოჯორნი, კაპანახჩი, სადახლო, კასუმლო და ოფრეთი. 
მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქ. მარნეული  თბილისიდან დაშორებულია  29 კმ-ით, რეგიონის ცენტრიდან,  ქ. რუსთავიდან - 48 კმ-ით, აზერბაიჯანის საზღვრიდან - 30 კმ-ით და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრიდან - 30 კმ-ით.


რელიეფი და გეოლოგიური აგებულება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი იმავე სახელწოდების აკუმულაციურ ვაკეს  უკავია, რომელიც მდ. ალგეთის, ხრამის, მაშავერას და დებედას ქვემო დინებების ტერიტორიებს აერთიანებს და ზ. დ.  270-400 მ. სიმაღლეზეა განლაგებული. მარნეულის ვაკის საფუძველში  განლაგებულია ნეოგენის სუსტად დისლოცირებული თიხების და ქვიშაქვების ჰორიზონტები, რომლებიც ზემოდან დაფარულია მეოთხეული ასაკის კონტინენტური ნალექებით (კენჭნარი, კონგლომერატები, ქვიშები და თიხები), რომელთა ჯამური სისქე ალაგ-ალაგ 100 მ. აღემატება (ბურღვის მასალების მონაცემებით). მარნეულის ვაკე სუსტად არის დახრილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ზედაპირი მდ. ალგეთის, ხრამის, დებედას და მტკვრის ჭალის, ჭალისზედა პირველი და ჭალისზედა მეორე ტერასების ბრტყელი ზედაპირების თანდათანობითი შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი. ჭალისზედა პირველი ტერასა, რომლის შეფარდებითი სიმაღლე 6-10 მ. საზღვრებში ცვალებადობს, კარგად არის გამოსახული მდ. დებედას და ხრამის წყალშუეთში, ხოლო ჭალისზედა მეორე ტერასის ზედაპირი (25-30 მ.) ყველაზე ვრცლად წარმოდგენილია მდ. ხრამის  და ალგეთის წყალშუეთში, აგრეთვე მდ. ალგეთის ხეობასა და მის ჩრდილო მხარეზე მდებარე კოვუთაფას ძველ ნამდინარევ ხეობას შორის. მარნეული ვაკის საზღვრებში ჭალისზედა პირველი და მეორე ტერასების ზედაპირი დასერილია მცირე სიღრმის (0.5-1.5 მ.) სარწყავი არხების ხშირი ქსელით.
მარნეულის ვაკის საზღვარებში სომხითის ქედის ჩრდილო ფერდობი, აგრეთვე ბაბაკარის სერი, აგებულია ცარცული პერიოდის ვულკანოგენური და კარბონატული ფაციესების ქანებით (კირქვები, მერგელები, ქვიშაქვები და სხვა). რელიეფის ძირითად ფონს ქმნის საშუალომთიანი და დაბალმთიანი ეროზიული ქედების და ხეობების ერთობლიობა. სომხითის ქედის ჩრდილო ფერდობი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში დანაწევრებულია მდ. ტალავრისწყლის, შულავრისწყლის, დებედას და მათი შენაკადების ეროზიული ხეობებით და უკანასკნელთა შორის მდებარე ოფრეთის (ზ. დ. 1,400-1,600 მ-დე) და შულავრის (800-1,600 მ-დე) შტო-ქედებით. ამ შტო-ქედების თხემებზე და კალთებზე ალაგ-ალაგ წარმოდგენილია პლატოსებური დამრეცი ზედაპირები (სოფ. ოფრეთან, ხოჯორნასთან, წერაქვთან და დამიასთან), ხოლო  ცარცული კირქვების გავრცელების ზოლში  ზ. დ. 1,000-1,200 მ-ზე _ მცირე შეფარდებითი სიმაღლის კუესტები და ციცაბოდ დახრილი ფლატოვანი საფეხურები. მარნეულის ვაკის სამხრეთი სუსტად დახრილი კიდის გასწვრივ მდებარე სომხითის ქედის ჩრდილო მთისწინეთის ზოლი  მდინარეთა ხეობებით, ხევებით და ხრამებით ძლიერ არის დანაწევრებული და დაბალი შეფარდებითი სიმაღლის გორაკ-ბორცვებით და სერებით არის წარმოდგენილი. ასეთივე რელიეფი განვითარებულია მდ. დებედას მარჯვენა მხარეზე _ ბაბაკარის სერის ძლიერ დანაწევრებული ფერდობების სახით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე იაღლუჯას მაღლობი, რომლის სიგრძე დაახლოებით 17 კმ-ს ხოლო სიგანე 10-11 კმ-ს უდრის, აგებულია ნეოგენის ასაკის კონგლომერატებით, თიხებით და ქვიშაქვებით. იაღლუჯას მაღლობის აბსოლუტური სიმაღლე 784 მ-ს აღწევს, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე, მარნეულის ვაკის ზედაპირთან მიმართებაში, 400 მ. აღემატება. იაღლუჯას მაღლობის ზედაპირი მორფოლოგიური ნიშნით შეიძლება სამ ნაწილად გაიყოს. მაღლობის ჩრდილო ნაწილი უფრო ამაღლებულია და რელიეფში ტიპური ეროზიული სერის სახით არის გამოხატული. იაღლუჯას სერი ჩრდილოეთისკენ ციცაბოდ არის დახრილი, ხოლო  სამხრეთით (მარნეულის ვაკისკენ) დამრეცად ეშვება და მაღლობის მოვაკებულ ზედაპირში გადადის. იაღლუჯას მაღლობის ზედაპირის სამხრეთი კიდე ამაღლებას განიცდის და ჯამლის ეროზიულ სერს წარმოქმნის. ამ უკანასკნელის ჩრდილო კალთა დამრეცად ეშვება მარნეულის ვაკისკენ. როგორც იაღლუჯას მაღლობი, ისე მისი კიდურა სერები ძლიერ დანაწევრებულია მშრალი ხევების და ხრამების ხშირი ქსელით, რომლებიც თავსხმა წვიმების დროს წყლით ივსება და მათ მთის ძირებში დიდი მოცულობის უხეში ნამსხვრევი მასალა გამოაქვთ.

ჰიდროგრაფიული ქსელი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები ალგეთი, ხრამი, შულავრის წყალი და დებედა. მდ. ალგეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, სოფ. ჯანდარის მიდამოებში. აქ იგი ტოვებს ვიწრო კლდოვან ხეობას და მარნეულის ვაკეზე გამოდის, სადაც ამ უკანასკნელის ჩრდილო ნაწილში საკმაოდ განიერ დაბალნაპირებიან კალაპოტში მდორედ გაედინება. მდ. ხრამი სოფ. ნახიდურთან  ტოვებს ლავებში ჩაჭრილ კანიონს და მარნეულის ვაკეზე გამოდის, სადაც ტიპური ვაკის მდორე მდინარეა, განიერი დაბალნაპირებიანი კალაპოტით. მდ. ხრამის საშ. წლიური ხარჯი შესართავთან 65 მ3 /წამს შეადგენს. მარნეულის რაიონის საზღვრებში მდ. ხრამს უერთდება შულავრისწყალი და დებედა. მდ. შულავრისწყალი, რომელსაც სათავე სომხითის ქედის თხემზე აქვს, დაბა შაუმიანამდე ტიპური მთის მდინარეა, კანიონისებრი და V-ს მაგვარი ეროზიული ხეობების მონაკვეთების მორიგეობით.  დაბა შაუმიანიდან მდ. შულავრისწყალი მარნეულის ვაკეზე გამოდის, სადაც მისი საშუალო მრავალწლიანი ჩამონადენი (0.44 მკ/წმ.) მთლიანად სარწყავ არხებშია გაშვებული. მდ. დებედა მარნეულის რაიონის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაედინება, საკმაოდ განიერ დაბალნაპირებიან კალაპოტში. ამ მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 29.7 მკ/წმ. უდრის. დებედას შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ), რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება.
მარნეულის რაიონის მდინარეთა საზრდოობაში მონაწილეობს წვიმის წყალი (წლიური ჩამონადენის 40-45%), თოვლის წყალი (20-25%) და მიწისქვეშა წყლები (25-30%). მდინარეთა წლიური ჩამონადენის თითქმის ნახევარი გაზაფხულზე მოდის. ამავე პერიოდს ემთხვევა წყალდიდობები. ზაფხულზე და შემოდგომაზე იშვიათად იცის  წყალმოვარდნები. გვალვიანი ზაფხულის პირობებში, ნიადაგში ტენის უარყოფითი ბალანსის გამო, მუნიციპალიტეტის მიწათმოქმედებაში ხელოვნურ რწყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 
2008 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში შექმნილია მელიორატორთა 23  ასოციაცია. შიდასამეურნეო სარწყავი არხების მთლიანი სიგრძე 356,2 კმ-ს შეადგენს. იგი გათვლილია 17303 ჰა მიწის სავარგულების მომსახურებისათვის, რაც მუნიციპალიტეტში არსებული სახნავი მიწების 77.6%-ს შეადგენს. იმის გამო რომ არსებული არხების ნახევარზე მეტი საჭიროებს გაწმენდას და აღდგენით სამუშაოებს, ვერ ხერხდება მათი სრულყოფილი დატვირთვა. მოქმედი სისტემა რწყავს მხოლოდ 7010 ჰა-ს და მისი აღდგენის და გაწმენდის შემდეგ  შესაძლებელი იქნება დამატებით 10293 ჰა სახნავი მიწის ფართობის მომსახურება, ანუ არსებული არხები სრულად იქნება დატვირთული. 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გვხვდება ტბები.

ნიადაგსაფარი
მარნეულის მუნიციპალიტეტში  მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები (Humic cambisols) გავრცელებულია ზ.დ. 1,800 მ მაღლა. ეს ნიადაგები ხასიათდება ჰუმუსის მაღალი შემცველობით, ხირხატიანობით, კარგი გაკორდებით, რის გამოც მეტწილად სათიბებად და საძოვრად გამოიყენება. გაკორდების მაღალი ხარისხის გამო, ამ ნიადაგების დიდი ნაწილი ეროზიის მიმართ მდგრადია, მაგრამ საქონლის ძოვების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადვილად ექვემდებარება ეროზიას, რაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს იქ, სადაც ფერდობის დაქანება დიდია. 
ყომრალი ნიადაგები (Eutric cambisols) გავრცელებულია ზ.დ. 1,200-1,400 მ მაღლა, ფართოფოთლოვანი ტყეების ქვეშ, ძირითადად, უკარბონატო ქანებზე. ამ ტიპის ნიადაგები ალაგ-ალაგ წარმოდგენილია მთისწინებში ნატყევარ ადგილებზე და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად. ყომრალი ნიადაგის პროფილი სუსტადაა დიფერენცირებული გენეზისურ ჰორიზონტებად, ძირითადად მძიმე თიხნარი შედგენილობისაა, მცირე სიღრმის ყომრალი ნიადაგები მეტწილად გავრცელებულია დიდი დაქანების ფერდობებზე, მეჩხერ ტყეებში და მათ აშკარად ემჩნევა ეროზიული პროცესების გავლენა. ღრმა ყომრალი ნიადაგები გვხვდება შევაკებულ რელიეფზე. ჰუმუსის შემცველობა 3.0–3.5 %-ის ფარგლებში ცვალებადობს. ყომრალ ნიადაგებს ეროზიისაგან იცავს ტყე. ამიტომ იქ, სადაც ტყე გაჩეხილი ან დეგრადირებულია, ნიადაგი სხვადასხვა ინტენსივობით განიცდის ეროზიას.
ყავისფერი ნიადაგები (Eutric cambisols Calcic kastanozems) გავრცელებულია ზ.დ. 500-1,200 მ სიმაღლეზე. ძირითადად კარბონატულ ქანებზე და შესაბამისად, კარბონატულია. ამ ნიადაგებს აქვს კარგად ჩამოყალიბებეილი პროფილი, მუქი ყავისფერი აკუმულაციური ანუ ჰუმუსოვანი ჰორიზონტით,  რომლის სიღრმე 20-30 სმ უდრის. ნიადაგის სტრუქტურა კაკლოვან-კოშტოვანია, არის მძიმე თიხნარი შედგენილობის, ხირხატიანია, ახასიათებს კარგი დრენაჟი, საკმაოდ, მაღალნაყოფიერია და ინტენსიურად არის ათვისებული მიწათმოქმედებაში. არასწორი ექსპლოატაციის (გადაჭარბებული რწყვა, მიწის დამუშავების დროს დაშვებული შეცდომები) შედეგად ყავისფერი ნიადაგების დეგრადაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. 
მდელოს ყავისფერი ნიადაგი (Calcaric cambisols and calcio kastanozems) გვხვდება, ყავისფერ ნიადაგთან ერთად ვაკე რელიეფზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიადაგები ერთმანეთის სიახლოვეს არის გავრცელებული, ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება. მდელოს ყავისფერი ნიადაგის პროფილი ერთგვაროვანი, მონოტონური და უსახოა. მდიდარია თიხის ფრაქციით, სუსტად კარბონატულია, ხასიათდება ცუდი დრენაჟით. აღნიშნული ნიადაგი უმთავრესად სარწყავ სავარგულებშია და რწყვის გავლენით  ხშირად გალებებულია. ათვისებულია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურების ქვეშ. 
რუხ-ყავისფერ (Calcic kastanozems) და მდელოს რუხ-ყავისფერ (Calcaroc cambisols and calcio kastanozems) ნიადაგებს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გავრცელება აქვს. რუხი-ყავისფერი ნიადაგი, განვითარების მიხედვით, ყავისფერი ნიადაგის ევოლუციის შემდეგ საფეხურს წარმოადგენს. სუბტროპიკული არიდული კლიმატის პირობებში მეჩხერი მცენარეული საფარის ძლიერი დეგრადაციის შედეგად, ადგილი აქვს თიხით მდიდარ, მცირე ჰუმუსიან, კარბონატულ რუხი-ყავისფერი ნიადაგის წარმოქმნას, რომელიც ტენის რეჟიმის მიხედვით, ქვეზონაში წარმოდგენილია რუხი-ყავისფერი და მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპებით. მდელოს რუხ-ყავისფერ ნიადაგს უჭირავს მარნეულის ვაკის სარწყავი ტერიტორიები, სადაც სარწყავი წყლის მოქმედებით, ნიადაგწარმოქმნის პროცესს სუბტროპიკული არიდული სტეპებისა და ირიგაციული დატენიანების ხასიათი აქვს. როგორც რუხ-ყავისფერ, ისე მდელოს რუხ-ყავისფერ ნიადაგებს ახასიათებს დამლაშება და ბიცობიანობა. მდელოს რუხ-ყავისფერ ნიადაგს აქვს უფრო ნაკლებად დიფერნეცირებული პროფილი,  მაშინ როდესაც რუხ-ყავისფერი ნიადაგი ღრმა აკუმულაციური ჰორიზონტით გამოირჩევა. რუხ-ყავისფერ ნიადაგში კარბონატები პროფილის სიღრმეში მატულობს, ხოლო მდელოს ყავისფერ ნიადაგებში კარბონატები პროფილში თანაბრადაა განაწილებული. როგორც ერთი, ისე მეორე ნიადაგი მძიმე თიხოვანი შედგენილობისაა. მათში ჰუმუსის შემცველობა 3-4% უდრის. ამ ნიადაგებში მცენარის ძირითადი საკვები ელემენტების – აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდენობა საშუალო და საშუალოზე მაღალია. მათი ძირითადი ნაწილი სარწყავია და  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიური მიწათმოქმედების ობიექტს წარმოადგენს. ალგეთის, აზიზკენდის და კაპანახჩის სავარგულების ტერიტორიებზე საველე კვლევების დროს დაფიქსირდა ირიგაციული ეროზიის ნიშნები: აქვე საკმაოდ დიდი ტერიტორიებია დაჭაობებული.
ალუვიური ნიადაგები (Fluvisols) გავრცელებულია მდ.-ების - ალგეთის, ხრამის, დებედას და მათი შენაკადების ხეობების გასწვრივ. ალუვიური ნიადაგების დიდი ნაწილი კარბონატულია, დადებითი ფიზიკური თვისებებით გამოირჩევა და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო მიწათმოქმედებაში, მცირე ნაწილი კი დეგრადირებული ჭალის ტყით და ჭაობებით არის დაკავებული. 
დამლაშებული ნიადაგები (Solonchaks). ამ ტიპის ნიადაგები  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბიციანი და ბიცობიანი ნიადაგებით. ბიციანი ნიადაგი პროფილში მეტ-ნაკლები ოდენობით შეიცავს ხსნად მარილებს, ხოლო ბიცობიანი ნიადაგის კოლოდიურ კომპლექსში ხდება შთანთქმული ნატრიუმის აკუმულაცია. დამლაშების ეს ორი ნიადაგური კატეგორია გენეზისურად ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. დამლაშებული ნიადაგების უდიდესი ნაწილი შეიცავს, როგორც ადვილად ხსნად მარილებს, ისე შთანმთქავ კომპლექსში აკუმულირებულ ნატრიუმის კათიონს. დამლაშების წარმოქმნის პროცესი უკავშირდება წარსულში აქ მიმდინარე დელუვიურ-პროლუვიურ მოვლენებს იაღლუჯის ქედის მარილების შემცველი ქანებიდან წყლის დროებითი ნაკადების მიერ გამოტანილი გამოფიტვის პროდუქტები მთისწინეთის ზოლის დახრილ ზედაპირზე იწვევს აქ გავრცელებული ნიადაგების დამლაშებას. აღნიშნულის შედეგად ყალიბდება ბიცი ნიადაგი. რაც შეეხება ბიცობიანობას, ეს პროცესი ნიადაგში ჭარბი რაოდენობით დაგროვილი სულფატების დესულფოფიკაციას უკავშირდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში გვხვდება: სუსტად დამლაშებული, საშუალოდ დამლაშებული და  ძლიერ დამლაშებული ნიადაგები. სუსტად და საშუალოდ დამლაშებული ნიადაგები სოფლების ჯანდარის, ალგეთის, ზემო და ქვემო ყულარის, კაპანახჩის და სხვა საკრებულოების ტერიტორიებზე ცალკეული უბნების სახით. ნიადაგის დამლაშება ძირითადად სულფატური და ქლორიდულ-სულდატურია. დამლაშებასთან ერთად ამ ნიადაგებს გალებების აშკარად გამოხატული ნიშნებიც აქვს, რაც გამოწვეულია დიდი რაოდენობის სარწყავი არხების და უკონტროლო რწყვის შედეგად. 
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგების დიდ ნაწილს დაკარგული აქვს ბუნებრივი სახე და სხვადასხვა ინტენსივობით განიცდის დეგრადაციას. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება მათი ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, და მიკრობიოლოგიური თვისებების გაუარესებაში და ნაყოფიერების დაქვეითებაში.

მცენარეული საფარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, ზ.დ. 700-800 მ სიმაღლემდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია. პირველადი ბუნებრივი მცენარეულობა აქ თითქმის აღარ არსებობს და მხოლოდ მისი დერივატებია ცალკეული კუნძულების სახით შემორჩენილი. ბრტყელი ზედაპირის მქონე რელიეფზე, ალაგ-ალაგ ლაქების სახით, ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა გავრცელებული, ასევე, ვაკე ადგილებში და ფერდობებზე გვხვდება სტეპისა და ჰემიქსეროფილური ტყე-ბუჩქნარების ფორმაციები. მდინარეთა კალაპოტების გასწვრივ ვიწრო ზოლის სახით წარმოდგენილია ჭალის ტყის დერივატები. 
ნახევარუდაბნოს მცენარეულობის მეორადი ფორმაციები მარნეულის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. აქ გვხვდება: ყარღანიანი (Salsola dendroides), შორაქნიანი (Limonium meyeri), ჭანგიანი (Elytrigia repens), ხვარხვარიანი (Petrosimonia brachiata), ყარღანიან-ეკალცეცხლიანი (Salsola dendroides+Alhagi pseudoalhagi), ყარღანიან-აბზინდიანი (S. dendroides + Artemisi), ყარღანიან-შორაქნიანი (S. dendroides + Limonium meyeri), წმინდა აბზინდიანი (Artemisia fragrans), აბზინდიან-უროიანი (A. fragrans + Bothriochloa + Kochia prostrate)  ასოციაციების სახით. ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ძირითადად, ზამთრის საძოვრებად გამოიყენება და მთლიანად დეგრადირებული, გაღარიბებული და დასარევლიანებულია. ამ ცენოზებში ნაკლებად მონაწილეობს დამკორდებელი მცენარეები, რის გამოც მცენარეულობა ვეღარ უზრუნველყოფს ნიადაგის დაცვას,  ნიადაგის ზედაპირი ადვილად იშლება და პროცესი თანდათანობით შეუქცევადი ხდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზ.დ. 200-750 მ-მდე ფართოდ გავრცელებულია მეორადი უროიანი სტეპები: უროიან-ძირტკბილიანი (Bothriochloa ischaemum + gliycyrhiza glabra), უროიან-კლანჭიანი (B. ischaemum + Onobrichis kachetica), უროიან-იონჯიანი (B. ischaemum + Medicago coerulea), უროიან-ნაირბალახოვანი (B. ischaemum + mixtoherbosa), უროიან-ძეძვიანი (B. ischaemum – Paliurus spina – Christi), უროიან-ვაციწვერიანი (Bothriochloeta + stiposa) ტიპებით, როლებშიც მეტ-ნაკლებად არის გამოხატული ნიადაგის დეგრადაციის პროცესი. ამის მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ უროს კორდები, როგორც წესი, ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით არის დაშორებული და მათ შორის გავრცელებული მაღალი კვებითი ღირებულების ნაირბალახები მუდმივად ძოვების მაღალ პრესს განიცდის. გავრცელებულია აგრეთვე მეორადი უროიან-აბზინდიანი სტეპი, რომელშიც აბზინდა (Artemisia fragrans) და ურო (Bothriochloa ischaemum)  საკმაოდ მნიშვნელოვან ფართობებზე თანადომინანტობით ქმნის ცენოზებს. ამ ცენოზებში ბალახნარის სტრუქტურა და ფლორისტული სპექტრის შემადგენლობაც სტეპისა და ნახევარუდაბნოსათვის დამახასიათებელი სახეობებით არის შექმნილი (მარცვლოვნები – Poa bulbosa v. vivipara, Aegilops cylindrical, Cynodon dactylon, Agropyron pectinatum, Sorghu halepense, Lolium rigidum, Bromus japonicus, Setaria viridis; იონჯას სახეობები – Medicago caerulea, M. sativa, M. minima, M. rigidula, M. orbicularis; ჯვაროსნები – Chorispora fenella, Ch. iberica;; რთულყვავილოვნებიდან – Anthemis candidissima, Centaurea ovina, Stizolopus coronopifolius და სხვა. უროიან-აბზინდიანი სტეპი ძირითადად საძოვრებად არის გამოყენებული, რის გამოც სხვადასხვა ხარისხით არის დეგრადირებული და დასარევლიანებული. მდინარეების დებედას და შულავრის წყალშუეთის ზემო წელში, მნიშვნელოვან ფართობებზე წარმოდგენილია ჯაგეკლიანი სტეპი, რომლის მცენარეულობა მთლიანად ნატყევარ ადგილებშია განვითარებული. ამ ტიპის სტეპის დომინანტებია ძეძვი (Paliurus spina-christi) და სტეპის მარცვლოვანი სახეობები (Bothriochloa ischaemum, Festuca ovina, Stipa pulcherrima). აქა-იქ შემორჩენილია მინდვრის ნეკერჩხლისა (Acer campestre) და აკაკის Celtis caucasica) ერთეული ინდივიდები. ჯაგეკლიანი სტეპები საძოვრად არის გამოყენებული და აშკარად გამოსახულია სასაძოვრე დეგრესია. ნიადაგის ზედაპირის ნაყოფიერი ფენა გადარეცხილი და ღორღიანია.
მთისწინეთის გორაკ-ბორცვიან ზოლში ზ.დ. 500-900 მ ფარგლებში გავრცელებულია შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარებისა და ჯაგრცხილნარ-მუხნარების მცენარეულობა. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური შერეული ბუჩქნარი (Mixtofruticeta – typus shibliak) ტყეების გაჩეხვის შედეგადაა წარმოქმნილი და მის ძირითად ბირთვს ქმნის - ძეძვი (Paliurus spina-christi), თრიმლი (Cotinus coggygria), გრაკლი (Spiraea hypericifolia), ცხრატყავა (Lonicera iberica), წითელი კუნელი (Crataegus curvisepala), კოწახური (Berberis vulgaris) და სხვა. ამ ტიპის დაჯგუფებები ტყე-ბუჩქნარების მცენარეულობის ქვედა ვერტიკალურ საფეხურზეა განვითარებული და არცთუ იშვიათად ჯაგრცხილნარ-მუხნარებთან, უროიან-ცხვრისწივანიან სტეპებთან და მდელო-სტეპის მცენარეულობასთან კომპლექსშია წარმოდგენილი. კლდოვან ფერდობებზე და ძირითადი ქანების გამოფიტულ ქერქზე განვითარებულია შიბლიაკის, შედარებით ქსეროფილური ვარიანტი, ფლოროცენოტიპი, სადაც ნიადაგის საფარი საკმაოდ დეგრადირებულია. ამ სახის შიბლიაკის დაჯგუფებებს ქმნის: შავჯაგა (Rhamnus pallasii), უძრახელა (Caragana grandiflora), ხორცისფერა (Atraphaxis spinosa), ცხენისმუხლა (Ephedera procera) და სხვა. უფრო ზემოთ (ზ.დ. 700-1,000 მ სიმაღლეზე) განვითარებულია ჯაგრცხილნარ-მუხნარის (Querqus iberica – Carpinus orientalis) მეორადი ტყე, რომლის შექმნაშიც ასევე მონაწილეობს: კვიდო (Ligustrum vulgare), წითელი კუნელი (Crategus curvisepala), შინდანწლა (Swida australis), მეჭეჭიანი ჭანჭყატი (Euonymus verrucosa) და სხვა. 
ზ.დ. 900-1,200 მ სიმაღლეზე ტყის მცენარეულობა ძირითადად სხვადასხვა ხარისხით დეგრადირებული მუხნარებით (Querceta ibaricae) არის წარმოდგენილი, სადაც მისი საბურველის შექმნაში ასევე მონაწილეობს რცხილა (Carpinus betulus), იფანი (Fraxinus excelsior), პანტა (Pyrus caucasicus), ბალამწარა (Cerasus sylvestris), ქორაფი (Acer laetum), ლეკა (Acer platanoides) და სხვა. ქვეტყეში წამყვანი მნიშვნელობა აქვს კუნელს (Crataegus microphylla), ზღმარტლს (Mespilus germanica), კვრინჩხს (Prunuspinosa), ტაბლაყურას (Euonymus latifolia), კვიდოს (Ligustrum vulgare) და სხვა. მუხნარი ტყის რეგენერაცია სუსტად მიმდინარეობს, რადგან ანთროპოგენური ფაქტორის გავლენა  ძლიერია (პირუტყვის უსისტემო ძოვება, ტყის ჭრა და სხვა). უფრო მაღლა - ზ.დ. 1,200-1,500 მ-ზე გავრცელებულია შედარებით ნაკლებად სახეცვლილი რცხილნარ-მუხნარი ტყე (Querqus iberica + Carpinus betulus), ხოლო მდ. შულავრის სათავეებში 1,500-1,800 მ. ფარგლებში რცხილნარ-წიფლნარისა (Fagus orientalis + Carpinus betulus)  და ალაგ-ალაგ წიფლნარის (Fageta) კორომებია წარმოდგენილი. ზ.დ. 1,800 მ-ზე მაღლა სუბალპური ფართოფოთლოვან-ნაირბალახოვანი (Latifoliomixtoherbosa) და ნაირბალახოვან-მარცვლოვანი (Gramineta mixtoherbosa) მდელოების მოდიფიკაციებია გავრცელებული, რომლებიც, მეტწილად, საძოვრებად და ნაწილობრივ სათიბებად არის გამოყენებული.
მდ.-ების ხრამის, ალგეთის, დებედას და მათი შენაკადების ხეობების ძირზე ალაგ-ალაგ ცალკეული უბნების სახით შემორჩენილია ძლიერ დეგრადირებილი ჭალის ტყის დერივატები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს: ჭალის მუხა (Querqus pedunculiflora), კაკალი (Juglans regia), პატარა თელადუმა (Ulmus minor), ოფი (Populus nigra), ხვალო (Populus canescens), წნორი (Salix alba), ფშატა ტირიფი (Salix wilhelmsiana); ლიანებიდან - ეკალღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სურო (Hedera helix), ჯიქა (Lonicera caprifolium) და სხვა. წარსულში ჭალის ტყეები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს - ნიადაგის ეროზიისგან დაცვის თვალსაზრისით. ამჟამად, მათი დიდი ნაწილი გაჩეხილია და, შესაბამისად, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ფუნქცია ამ ტყეებს თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს.


ბიომრავალფეროვნება
ფლორა 
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბატონებულია უფრო ვაკე-დაბლობის ფლორა. გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.
ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ხვარხვარა, ავშანი და ყარღანი. ქვეტყეს ქმნის იალღუნი, ზღმარტლი, ქაცვი, შინდი, ტყემალი, კუნელი და სხვ. მარნეულის ვაკის მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიანი, უროიან-ავშნიანი, უროიან ჯაგეკლიანი და ხურხუმოიანი მცენარეულობა. ადგილ-ადგილ გვხვდება ნახევარუდაბნოს მცენარეულობაც. იაღლუჯის სერი შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. ლოქის ქედზე გვხვდება ფიჭვის მცირე კორომები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხა და რცხილა, ზემო ნაწილში კი წიფელი. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ნეკერჩხალი, ქართული მუხა, ჯაგრცხილა და კვრინჩხი.
 ფაუნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა; თითქმის ყველგანაა ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი, ტურა. ორნითოფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობი, ტოროლა, კაკაბი, გნოლი, მწყერი და სხვ.
ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯას მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუ, ანკარა, გველხოკერა და ველის მახრჩობელა (იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერა, მურწა, ხრამული, გოჭალა და სხვ.

ძირითადი ლანდშაფტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
1. სტეპური ნახევარუდაბნოს ვაკე, წაბლა და დამლაშებული ბიცობიანი ნიადაგებით;
2. სტეპური მაღლობი ჯაგეკლიან უროიანი მცენარეულობით წაბლა ნიადაგების კომპლექსზე;
3. ბორცვიანი მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
4. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
5. საშუალო სიმაღლის მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე;
6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი განვითარებული მდინარისპირა სანაპიროებზე.


სოფლის მეურნეობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდი შეადგენს 57,052,59 ჰა-ს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები: სახნავი ფართობი არის 22,271.29 ჰა; სათიბი - 1,724.98 ჰა; საძოვრები - 30,945.8 ჰა; მრავალწლიან ნარგავებს უკავიათ - 2,110.52 ჰა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იაღლუჯის და ბაბაკარის საძოვრებზე 6512 ჰა მიწის ფართობით სარგებლობენ: ქ. მარნეული, კაპანახჩის, ალგეთის, კაჩაღანის და კასუმლოს თემები. სასოფლო-სამეურნეო მიწების  33,230 ჰა. პრივატიზებულია.
 მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან გავრცელებულია – ხორბალი, ქერი, სიმინდი, ჭვავი, მზესუმზირა. ბოსტნეული კულტურებიდან: კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ლობიო, კიტრი, პომიდორი და ა.შ.
სასოფლო - სამეურნეო კულტურებიდან 2011 წელს მიღებული მოსავალი:
1) ხორბალი - 3 570 ჰა -ზე, მოსავალი - 10 710 ტონა.
2) ქერი - 187 ჰა - ზე, მოსავალი 224.4 ტონა.
3) სიმინდი - 1 815 ჰა - ზე, 10 708 ტონა.
4) ლობიო - 17 ჰა - ზე, 42.5 ტონა.
მარნეულის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების შესანიშნავი პირობები გააჩნია. მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ხელსაყრელი კლიმატი, რომელიც წელიწადში მოსავლის 2-3-ჯერ აღების საშუალებას ქმნის.
მუნიციპალიტეტში კარგად არის განვითარებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, აგრეთვე მეცხვარეობა და მეფრინველეობა. 
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საზაფხულო საძოვრები ადგილზე დარჩენილი პირუტყვის მოთხოვნილებას მწვანე საკვებზე მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან 1 პირობით სულზე დაახლოებით 0.3 ჰა საძოვარი მოდის, ანუ 5-6-ჯერ ნაკლებია ნორმით გათვალისწინებულთან შედარებით. ამას ისიც ემატება, რომ აქაური ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მცენარეთა ვეგეტაცია იწყება ადრე გაზაფხულზე და მოსახლეობა ბალახის წამოსვლისთანავე წყლით გაჟღენთილ ნიადაგზე უშვებს პირუტყვს საბალახოდ. პირუტყვის ადრე გაზაფხულზე საძოვარზე გაშვება და ცალკეული საძოვრების მასივების მეტისმეტად გადატვირთვა იწვევს ახლად წამოსული, ჯერ კიდევ ქორფა, ფესვებგაუმაგრებელი ბალახის სველ ნიადაგში ფეხით ჩასრესვას, საძოვრების ბალახნარის ინტენსიურ გაჩანაგებას, ნიადაგის კორდის დაშლას და ჩამორეცხვას, რასაც ემატება აგრეთვე გაზაფხულის ხშირი წვიმებიც. ყოველივე ეს ხელს უწყობს ნიადაგის დეგრადაციის პროცესის  განვითარებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის გამეჩხერებას და საძოვრების პროდუქტიულობის შემცირებას.

მრეწველობა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოება, რძის გადამუშავება და ყველის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება ხორცნარევის ჩათვლით, დეკორატიული ქვის ჭრა და დამუშავება, ავეჯის წარმოება, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება და სხვა. 
მუნიციპალიტეტში კარგად არის განვითარებული ვაჭრობის სფერო, მრავლადაა ხვადასხვა სახის საცალო და საბითუმო ვაჭრობის და მომსახურების ობიექტები.

 
 
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031