29 სექტემბერს, 12:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტი ქართული ღვინის კვირეულს შეუერთდება.
კვირეულის ფარგლებში, კულტურის სახლის სკვერში, მოეწყობა ქართული ღვინოების გამოფენა, პრეზენტაციები და დეგუსტაციები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების წინაშე ასევე წარსდგებიან კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.
ღონისძიებებს დაესწრებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით „ქართული ღვინის დღე“ უკვე მესამე წელია აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება იმართება, როგორიცაა – ღვინის გამოფენა/დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება და სხვა.
„ქართული ღვინის დღე“ დღეს, 22 სექტემბერს, ქალაქ თელავში იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოდან დაიწყო და 2 ოქტომბერს, რიყის პარკში გამართული სახალხო ზეიმით დაიხურება.
ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებულია ღვინის კონკურსიც, რომლის გამარჯვებულსაც საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.
ქართული ღვინის დღე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.
მარნეულში, ქართული ღვინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციები იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://www.facebook.com/ქართული-ღვინის-კვირეული-2016-Georgian-Wine-Week-2016-1810069352547856/